ავტომობილების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ძალაშია 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით - შსს

24 თებერვალი 2021, 13:35 8614 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, რის გამოც მოუწოდებენ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად.

„აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.

ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავის ტერიტორიულ ერთეულში მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული სერვისების მისაღებად შეეძლებათ ანგარიშსწორება აწარმოონ პლასტიკური ბარათის საშუალებით სააგენტოს ოპერატორებთან.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე“-წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი