ისრაელი 21 თებერვლიდან სასტუმროებისა და სპორტდარბაზების იმ მოქალაქეებისთვის გახსნას გეგმავს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებული ან კორონავირუსი გადატანილი აქვთ. ისრაელი 27 დეკემბერს დაწესებული კარანტინის რეჟიმის თანდათან შემსუბუქებას კვირიდან, მოლების, ღია ტიპის ბაზრობების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნით დაიწყებს. ისეთ დაწესებულებებში შესვლის უფლება, როგორიც სასტუმროები და სპორტ დარბაზებია, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ მფლობელებს ექნებათ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციაშია ასახული და რომელიც ადასტურებს, რომ მის მფლობელს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვს.