კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ

15 თებერვალი 2021, 20:14 4838 ნახვა

"საქართველოს "შრომის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უკვე გამოსცა ბრძანება - სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

განისაზღვრა “ტაბელის ცხრილი“, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება კი, დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ.

“დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა,” – აღნიშნულია ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი