მაშველები გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან

05 თებერვალი 2021, 20:58 2384 ნახვა

მეხანძრე-მაშველები გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან. ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ოპერაცია რამდენიმე საათია წარმატებით მიმდინარეობს და არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - წერია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში