დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილია

03 იანვარი 2022, 11:07 4150 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს. უხვმა ნალექმა გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ კვლავ შეფერხებები გამოიწვია. 

ელექტროსადენების დაზიანებების გამო, შუახევსა და ხულოში მოსახლეობას ელექტროენერგია  არასტაბილურად მიეწოდება. ​''ენერგო პრო-ჯორჯიას'' პრესსამსახურის ცნობით, ავარიული დაზიანებების აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.

რაც შეეხება გადაადგილებას, ამ კუთხით პრობლემებია, რადგან მაღალი ზონის სოფლებში გზები კვლავ გასაწმენდია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზები იწმინდება. უწყების ცნობით, იწმინდება როგორც ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზებიც.

ხულოში გზის გაწმედნის პროცესში-14 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევში-11, ხოლო ქედაში-7 ერთეული.

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში