საქართველოს პარლამენტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მუხრან ვახტანგაძე გუშინ, მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაცის დეზინფორმაციას უწოდებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ მუხრან ვახტანგაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განმარტებით, არანაირი დაპირისპირება სპორტულ ოჯახში არ არის და მას არცერთი ფედერაციის პრეზიდენტობა არ სურს. მან უარყო ინფორმაცია მისი და მისი მეგობრის დაჭრის შესახებაც.
"გუშინ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და სრული აბსურდი.
ჩემს მიმართ ხშრად არის ბინძური კამპანიები და ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. არანაირი სურვილი არ მაქვს ვიყო რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტი. ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია ჯემალ წულუკიძე, ბერძნულ-რომაულის ანზორ ლაზიშვილი.
შეხვედრები სპორტულ ოჯახს აქვს ყოველ დღე და ეს ასე გაგრძელდება. აჭარის სპორტი მუდამ იყო მოწოდების სიმაღლზე და სულ ასე იქნება. ამ ყველაფერში "ქართული ოცნების" ჩარევა სრული აბსურდია და არც ის მითქვამს, რომ მე ,,ოცნებაში'' დიდი დამსახურება მაქვს...
არც დაჭრილი ვარ შეგიძლიათ შემამოწმოთ. კონფლიქტში არც კანონიერი ქურდების ჩარევა ყოფილა, ესეც სრული აბსურდია. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, არც არავინაა დაჭრილი და დაშავებული"- განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 10 თებერვალსაა ჩანიშნული. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი, ანზორ ლაზიშვილია რეგისტრირებული. რეგისტრაცია 4 დღეში შეწყდება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატების რაოდენობა გაიზარდოს.
გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის რაგბის სტადიონზე, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ წულუკიძეს, მუხრან ვახტანგაძესა და მათ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება და სროლა იყო.
ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე იანვრიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. ვახტანგაძე ამბობს, რომ ის თორნიკე რიჟვაძეს რჩევებს სპორტის მიმართულებით მისცემს. აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია.