აჭარის მაუწყებელი "ჰუმან რაითს ვოჩ“–ის ანგარიშს ეხმაურება

14 იანვარი 2021, 10:42 2619 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი "ჰუმან რაითს ვოჩ“-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. 

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ,,ჰუმან რაითს ვოჩ”-ის ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია 2020 წელს აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული რამდენიმე გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სანდოობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დაეყრდნო მხოლოდ ცალმხრივ, ანგაჟირებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც, სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში, მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მდუმარე აქცია მოაწყო სტუდიაში, რათა პროტესტი გამოეხატა სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის სავარაუდო ჩარევის საფრთხის გამო. მაგრამ, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს “სავარაუდო საფრთხე”, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა და  აჭარის მაუწყებელი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ავტორიტეტული, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული, ობიექტური და სანდო მაუწყებელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ხაზგასმით და ცხადად ადასტურებს არათუ ხელისუფლების, არამედ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდანაც კი უტყუარ ჩაურევლობას. 

“ჰუმან რაითს ვოჩ”–ის განცხადების მიხედვით, მომდევნო პერიოდში, ერთ-ერთი ტელეწამყვანის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა ამ მდუმარე აქციას, რაც  ტყუილია და მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ვინაიდან, აქციაში მონაწილე ზოგიერთი თანამშრომელი წახალისდა კიდეც კარგი მუშაობისთვის. ხოლო, ერთი ტელეწამყვანი გათავისუფლდა მის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი ბულინგის, მობინგისა და სამუშაო პროცესის ჩაშლის გამო, რის შედეგადაც, ერთი თანამშრომლის სტაციონარში, სამკურნალოდ გადაყვანაც კი გახდა საჭირო.

შეფასების მიხედვით, მაუწყებლიდან გათავისუფლდა კიდევ ერთი წამყვანი, ისეთი ფეისბუქ-პოსტების გამო, რაც მენეჯმენტის მხრიდან მაუწყებლის დისკრედიტაციად იქნა მიჩნეული.  რეალურად კი, გათავისუფლების მიზეზი იყო არა მაუწყებლის დისკრედიტაცია, რაც თავისთავად არის ორგანიზაციის დებულების უხეში დარღვევა, არამედ ტელეწამყვანის მხრიდან, მის მიერ გავრცელებული ყალბი (ფეიკ) ინფორმაციის გასწორებაზე უარის თქმა. 

30 ივლისს, მენეჯმენტმა, სამუშაო ადგილზე ფიზიკური ძალადობისა და ხელჩართული ჩხუბის გამო, გაათავისუფლა 3 თანამშრომელი. “ჰუმან რაითს ვოჩ”–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სამსახურში აღადგინეს მაუწყებლის 280 თანამშრომლის პეტიციით, რაც ასევე მტკნარი სიცრუეა. წარმოუდგენელია ძალადობა, ფიზიკური დაპირისპირება, ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა ვინმეს ეპატიოს პეტიციითა და თუნდაც ასეულობით ადამიანის მოთხოვნით. ფიზიკური ძალადობის ჩამდენი თანამშრომლები საბოლოოდ ჩამოშორდნენ დაკავებულ თანამდებობებს. მათ გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები დოკუმენტური ფილმების წარმოებაზე. გვინდა გვჯეროდეს, რომ ძალადობის წახალისება “ ჰუმან რაითს ვოჩ”–ის მიზანს არ ემსახურება.

ვიტოვებთ იმედს, რომ  მსგავსი უზუსტობები, ზედაპირული დამოკიდებულება და სრულიად უსამართლო შეფასებები, სამომავლოდ აღარ განმეორდება. ხოლო მაუწყებლის სტანდარტის ამაღლების მიზნით გაკეთებულ საფუძვლიან, თუნდაც კრიტიკულ შეფასებებს, მივესალმებით და მზად ვართ შემდგომი რეაგირებისათვის" - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი