საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებას ეხმაურება

13 იანვარი 2021, 18:42 1355 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

"გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა. სწორედ ნეიტრალიტეტზე და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის მხრიდან საკუთარი რწმენის შესაბამისად რელიგიური რიტუალების განხორციელება უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელ მოსახლეობაში. სამწუხაროა, რომ მუსლიმთა მიმართ 2012-2016 წლებში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, (ცალკეულ შემთხვევაში მუსლიმები სამართალდამცავი პირების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც მიუთითებდნენ) არ დამდგარა ძალადობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა. აღნიშნული ტიპის საქმეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ამასთან, უზრუნველყონ მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას", - წერს ნინო ლომჯარია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში