უკანონო თევზჭერისათვის მოქალაქეები იყენებდნენ ელექტროშოკურ აპარატს და კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებებს 

17 დეკემბერი 2020, 10:47 1195 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაკონტროლებლებმა უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 131 ფაქტი შეიცავს.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 86 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში.

''ქვემო ქართლში გამოვლინდა 34 ფაქტი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 33, კახეთში - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28, სამცხე-ჯავახეთში კი - 12'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 280 კგ-ს გადააჭარბა.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევებს, უმეტესად უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა: კალმახი, წვერა, კარჩხანა, ხრამული, ქაშაყი, კობრი.

ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა. მაგალითისთვის, დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობის 63 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 153 ფაქტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში