ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიურო ევროპულ ქვეყნებს 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის შესაძლო აფეთქების შესახებ აფრთხილებს, თუკი სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეები შეზღუდვებს არ დაიცავენ.
კოვიდშემთხვევათა ზრდის უმნიშვნელო შესუსტების მიუხედავად, ევროპის რეგიონში კოვიდ-19-ი ფართოდ და ინტენსიურად ვრცელდება. 2021 წლის პირველ კვირეებსა და თვეებში კორონავირუსის შემდგომი აფეთქების მაღალი რისკი არსებობს - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
ორგანიზაცია ურჩევს ევროპულ ქვეყნებს, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტებია, წინასაშობაო პერიოდში სეზონური ღონისძიებების სისტემის ადაპტაციის საკითხი განიხილონ, რათა გამოირიცხოს ადამიანთა თავშეყრის შესაძლებლობა.
ჯანმო ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა უნდა განიხილონ მასობრივი შეკრებების გადავადების, შეზღუდვების ან გაუქმების შესაძლებლობა, უნდა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საკვანძო სატრანსპორტო ქსელების განტვირთვასთან დაკავშირებული ზომები.