ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდეს პარლამენტში - კობახიძე

08 დეკემბერი 2020, 21:45 1321 ნახვა

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შევიდეს.

"მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, არჩილ თალაკვაძე არა. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს, მათ შეეძლებათ, დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შემოვიდნენ. ერთ წელზე მეტია, ოპოზიცია ისედაც იყო ბოიკოტის რეჟიმში, უმრავლესობა მარტო იჯდა პარლამენტში. იგივე შეიძლება, გაგრძელდეს გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწეროს, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით. დიდი იმედი გვაქვს, 11 დეკემბერს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ყველა პარტია იქნება“, - განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი არის სამართლებრივად გადასაწყვეტი და რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ოპოზიციას ამის საფუძველი არ აქვს.

„გრძელდება მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში შეჯერებულია პოზიციები. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრებს, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ეს არის მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე სისტემური სახის ხარვეზი იყო. რა თქმა უნდა, ლოკალური ხარვეზები იყო. დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ისინი ვერც ერთ პუნქტში ვერ ამტკიცებენ, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48 პროცენტი არ არის 48 პროცენტი. ოპოზიციას არ აქვს იმის საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. დღესაც, მსჯელობის საფუძველზე დაინახეს, რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში