ბათუმში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება. სატრანსპორტო მოძრაობის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 15 დეკემბრიდან ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება განხორციელდება შემდეგი სქემით: გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა გაცალმხრივდება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე, ამავე მიმართულებით. მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს საწინააღმდეგო მიმართულებით, ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე - BUS LANE-ზე.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთის ჩათვლით, შენარჩუნდება ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა. ჭავჭავაძის ქუჩიდან თბილისის მოედნის მიმართულებით, BUS LANE-ზე იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსი.
ბარათაშვილის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩის მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე იმოძრავებს ავტობუსები. საავტომობილო მოძრაობა კი, ორმხრივი იქნება.
ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, მოძრაობა იქნება ცალმხრივი, გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, კვეთამდე. ცალმხრივი გახდება გრიბოედოვის ქუჩაც, ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, კვეთამდე.
პუშკინის ქუჩაზე შენარჩუნდება ორმხრივი მოძრაობა, შავშეთის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში მოძრაობა გაცალმხრივდება.
ახალი სქემის მიხედვით, ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე - BUS LANE-ზე შესაძლებელია ველოტრანსპორტით მოძრაობაც.