რა სახის ფინანსური მხარდაჭერა ექნება მოქალაქეებსა და კერძო სექტორს - მთავრობის განმარტება 

27 ნოემბერი 2020, 10:46 2434 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაცია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს. 

ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

მოქალაქეებზე ზრუნვა - პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარი. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა: 500 ათას პირზე მეტი (ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი).

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განვახორციელებთ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;

1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა  - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი;

300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;

600 ლარიანი დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი),  ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი;

600 ლარიანი დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი - 515 მლნ ლარი

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.

ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის - ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი;

2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი;

გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3700 კომპანია;

მიკრო გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი;

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში