აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - განაცხადა პრემიერმა გახარიამ. "ჩვენ შევთანხმდით საბოლოო ჯამში იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები," - განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური განვითარების და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა.