ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს. კონსტანტინ ფილიას განცხადებით, თავდამსხმელი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს, - ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. დე ფაქტო უშიშროების სამსახურში კი აცხადებენ, რომ - ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ბანკზე თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს .