სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელსაც მხარეებმა 10 ოქტომბერს მოსკოვში მიაღწიეს.სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, დაყრდნობით კი წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილოთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებით დღეს დილით სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმები განაახლეს, ამასთან, უწყება უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტერტერის რაიონზე ცეცხლის გახსნის შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა. მისი თქმით, რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო სწავლება განაახლეს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა, ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.