აჭარის მაუწყებლის დირექტორმა მედიის საკითხებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საპასუხო წერილით მიმართა

07 ოქტომბერი 2020, 11:07 2014 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მედიის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს, სახალხო დამცველის საპასუხო წერილით მიმართა.

წერილს კი უცვლელად გთავაზობთ;

"ძვირფასო ირენ,

ძვირფასო ჰარლემ,

როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველმა მოგმართათ და დააფიქსირა საკუთარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად. სახალხო დამცველს მხედველობაში აქვს 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე, ანუ მაუწყებლის დირექტორად ჩემი არჩევის შემდგომი პერიოდი, ამდენად თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ რამდენიმე ცნობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში გამოვთქვამ შეშფოთებას იმის გამო, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული ვარაუდი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული დაინტერესებული პირების სუბიექტურ მოსაზრებებს და მოკლებულია სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს, მოკლებულია სიმართლეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველთან და ვაფიქსირებთ ღრმა პატივისცემას მის მიმართ. სახალხო დამცველსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს გვაერთიანებს ძირეული ფასეულობები, საზოგადოებაში პლურალიზმის, ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული პრინციპების დანერგვისა და დემოკრატიული მიდგომების განვითარების საერთო მიზანი.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემი დირექტორად არჩევიდან უკვე 10 თვე მიილია და სახალხო დამცველისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ვარაუდი ვარაუდად რჩება, სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა, არ დაფიქსირებულა ჩვენი მაუწყებლის ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის, ჟურნალისტებზე ზეწოლის, ან რომელიმე თემის დაბლოკვის რაიმე ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივნისში მაუწყებლის წინააღმდეგ სუბიექტურ ვარაუდებზე დაყრნობილ განცხადებებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, გამოიკვეთა მრჩეველთა საბჭოზე ზეწოლის ნიშნები. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის (ევროპული საქართველოს) ლიდერმა ბრიფინგზე საჯაროდ მოუწოდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს გარკვეული ქმედებისაკენ. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 18.1) თანახმად მრჩეველი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამდებობის პირი, ან თანამშრომელი, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. ასევე კანონის თანახმად, მრჩეველზე ზემოქმედების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არის ბათილი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად მოითხოვა შეწყვეტილიყო მაუწყებლის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე ზემოქმედების მცდელობა პოლიტიკური ძალების მხრიდან, ხოლო სახალხო დამცველს მიმართა თხოვნით, გაერკვია და გამოეაშკარავებინა ის პოლიტიკური სუბიექტები, ვინც ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა კი სპეციალური განცხადება გაავრცელეს. ,,სხვადასხვა დაინტერესებული პირი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე, თუმცა მათ სარედაქციო მუშაობაში უკანონო ჩარევის, ჟურნალისტებზე ზეწოლის, ან რომელიმე თემის დაბლოკვის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჩვენ, ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში. საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის შემთხვევაში კი ვიქნებით პირველები, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს“ - ნათქვამია განცხადებაში (იხილეთ ჟურნალისტთა განცხადების ამსახველი ვიდეო, რომელიც 2020 წლის 10 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცა და გამოქვეყნებულია შემდეგ ბმულზე: https://ajaratv.ge/article/60320). ჩვენი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ჟურნალისტების პრინციპული პოზიციის შედეგად შეწყდა პოლიტიკოსთა მხრიდან მაუწყებელზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს ჩვენს მაუწყებელში აღდგა სარედაქციო საბჭო, რომლის მუშაობაც სამწუხაროდ შეჩერებული იყო 2017 წლის შემდეგ. სარედაქციო საბჭოში ერთიანდებიან მხოლოდ რედაქტორები და დამოუკიდებლად განსაზღვრავენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. სარედაქციო საბჭო არის დამატებითი დამცავი ბერკეტი, რათა საფუძველშივე გამოაშკარავდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა. სარედაქციო საბჭოს მეშვეობით სარედაქციო საქმიანობას წარმართავენ მხოლოდ კონტენტზე მომუშავე ადამიანები და სხვა არავინ, მათ შორის არც მენეჯმენტის რომელიმე წარმომადგენელი.

მოგეხსენებათ, ამჟამად საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია. სასიხარულოა, რომ არჩევნების გაშუქების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ჩვენი მაუწყებელი ობიექტურობითა და დაბალანსებულობით, ნეიტრალური ტონის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. თუმცა მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენი მიზანი უფრო მეტის მიღწევაა. ქართულ ტელეარხებზე დაკვირვებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის (,,საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“) ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს. კვლევის შედეგებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ერთადერთია 12 ტელეარხს შორის, რომელსაც დადებითი ან უარყოფითი ტონი რომელიმე სუბიექტის გაშუქებისას 10 %-ზე მეტი არ უფიქსირდება. ,,სამონიტორინგო პერიოდში ჭარბობდა სიუჟეტები ადგილობრივი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, ამასთან ეთერი ეთმობოდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც შუქდებოდა ძირითადად ეთიკური სტანდარტის დაცვით“ - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში აჭარის ტელევიზიის შესახებ.

სახალხო დამცველის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ გამოთქმული ვარაუდები, ჩვენი აზრით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეყრდნობა მხოლოდ დაინტერესებული პირების მიერ მიწოდებულ სუბიექტურ მოსაზრებებს და არის ზედაპირული. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე გარემოება. კერძოდ -

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი ხანია მოქმედებს რეგულაცია - ,,სოციალური ქსელების გამოყენების წესები“. 2020 წლის აპრილში ჩვენმა მაუწყებელმა მიიღო იდენტური რეგულაცია, რომელიც სრულად იმეორებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედი დოკუმენტის შინაარსს. წესები ფაქტობრივად უცვლელად გადმოვიღეთ იმ მაუწყებლისგან, რომელთანაც მთავარი პრინციპები, მიდგომები და ბიუჯეტიც კი საზიარო გაგვაჩნია. სახალხო დამცველს არასდროს დაუფიქსირებია უარყოფითი პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ზემოხსენებული რეგულაციის თაობაზე, ხოლო აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე ჩვენი რეგულაცია თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის საფუძვლად მიიჩნია.

სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს რეკომენდაციებით მოგვმართა მაუწყებლის მენეჯმენტს და გვთხოვა სამსახურში აღგვედგინა დათხოვნილი თანამშრომლები, ასევე დისციპლინარული სანქციის მოქმედება შეგვეჩერებინა რამდენიმე თანამშრომლის მიმართ. სახალხო დამცველმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში წახალისდებოდა უდისციპლინობა და კანონდარღვევები, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახებოდა მაუწყებლის მუშაობაზე, ჩვენი სატელევიზიო და რადიო არხების რეპუტაციასა და სანდოობაზე. მაგალითად, სახალხო დამცველი ერთ-ერთ რეკომენდაციაში გვთხოვს, რომ სამსახურში აღვადგინოთ ის დათხოვნილი თანამშრომელი, რომელმაც მაუწყებლის ბიუჯეტის გვერდის ავლით, პირად ანგარიშზე მიიღო თანხა და დამფინანსებელს თვითნებურად დაუთმო საეთერო დრო. აღნიშნული დაადასტურა აუდიტორულმა შემოწმებამაცრის შემდეგაც მაუწყებელმა ფაქტის შესასწავლად პროკურატურას მიმართა. ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს ისეთი ორგანიზაცია, სადაც მენეჯმენტს თანამშრომლის მსგავს ფინანსურ გადაცდომაზე იგივე რეაქცია არ ექნებოდა.

საყურადღებოა რომ, სახალხო დამცველი წინა წლებში ყურადღებას საერთოდ არ ამახვილებდა თანამშრომელთა უფლებების დარღვევის იმ პრობლემატურ, გახმაურებულ ფაქტებზე, რომელსაც ჩვენს მაუწყებელში ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2017-2019 წლებში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, მენეჯმენტის უშუალო ჩარევით, გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, სამსახურიდან დაითხოვეს და სტუდიაში შესვლის უფლება არ მისცეს ტელეწამყვანს, რომელსაც გადაცემა მომზადებული ჰქონდა; ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიხურა ოთხი სატელევიზიო პროგრამა და მაუწყებლიდან დაითხოვეს რამდენიმე ავტორი და რეჟისორი, რომელთა მომზადებული პროგრამები დღესაც განმეორებით გადაიცემა ეთერში და უმაღლეს რეიტინგს ინარჩუნებს; სამსახურიდან დაითხოვეს მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა პირვანდელ პოზიციას; ასევე სამსახურიდან დაითხოვეს იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, რომელიც გათავისუფლებამდე აცხადებდა, რომ დირექტორი უკანონოდ ითხოვდა მისგან კონკრეტული დავალების შესრულებას, ახდენდა ზეწოლას და აიძულებდა ემუშავა ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში, რის გამოც მან პროკურატურასაც კი მიმართა; კანონის დაცვით გაფიცვა მოაწყვეს ტელეოპერატორებმა, რომლებიც შრომის სათანადო პირობებს ითხოვდნენ; მაუწყებლის მენეჯმენტს საპროტესტო წერილით მიმართა 103-მა თანამშრომელმა. არცერთი ამ ფაქტის გამო სახალხო დამცველს არ მიუმართავს მაუწყებლის მენეჯმენტისთვის რეკომენდაციით. იგი წლების განმავლობაში არ პასუხობდა არც ჟურნალისტთა მიმართვებს და არც საკუთარი ინიციატივით სწავლობდა თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის საყოველთაოდ გახმაურებულ ფაქტებს.

სწორედ ზემოხსენებული გარემოებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სახალხო დამცველის მიერ ჩვენი მაუწყებლის შესახებ ამჟამად გამოთქმული ვარაუდები არის არაობიექტური და ემყარება გადაუმოწმებელ, დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმულ სუბიექტურ მოსაზრებებს.

ბოლო პერიოდში ჩვენი მაუწყებლის წინააღმდეგ უსაფუძვლო შემოტევის სხვა შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი. 2020 წლის დასაწყისში, აჭარის ტელევიზიის პროგრამების ხუთთვიანი მონიტორინგი განახორციელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. იმდენად აშკარა იყო უზუსტობები, რომელიც ამ კვლევის ანგარიშში აისახა, რომ ჩვენი მაუწყებელი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. ასე მაგალითად, კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აჭარის ტელევიზიამ ერთ-ერთი თემა არ გააშუქა, დაბლოკა, არადა ეს თემა გადაიცა ეთერში და ამის გადამოწმება დღესაც მარტივად შეიძლება. ჩვენი აზრით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ამ კვლევისთვის მოწვეული მონიტორები მოქმედებდნენ არაობიექტურად, მათი მხრიდან იმდენად დიდი იყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის შელახვის სურვილი, რომ ისინი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული კვლევის ჩატარების დროსაც კი არ მოერიდნენ აბსურდული უზუსტობების დაფიქსირებას. მონიტორების მიერ დამახინჯებული ფაქტები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოლი გადასამოწმებელია, ასე რომ სასამართლოში ჩვენი სიმართლის დამტკიცების დიდი იმედი გვაქვს.

აქვე უნდა გაცნობოთ, რომ 2020 წლის ივლისში ბათუმში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რომელიც შეხვდა ჩვენი მაუწყებლის წარმომადგენლებს. იგი დაინტერესდა ყველა იმ საკითხით, რაზეც სახალხო დამცველი ამახვილებდა ყურადღებას. მაუწყებლის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ყველა შეკითხვას. ამერიკის ელჩმა დადებითად შეაფასა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სწრაფვა თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში, ხოლო მენეჯმენტის მიერ გატარებული ღონისძიებების გაცნობისას უპასუხო კითხვა არ დარჩენია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბოლო დროს აჭარის ტელევიზიით საგრძნობლად იმატა რეპორტაჟებმა პირდაპირ მოსახლეობის მიერ მოწოდებულ თემებზე. გახშირდა მოქალაქეთა ზარები რედაქციაში, ყოველდღიურად რამდენიმე რეპორტაჟი სწორედ მოსახლეობის მიერ მოწოდებული ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის შესახებ მზადდება. საგრძნობლად იმატა სტუდიის სტუმრების რაოდენობამაც, თვალშისაცემია რესპონდენტთა მრავალფეროვნება, სატელევიზიო ეთერში პოზიციის დაფიქსირების საშუალება ეძლევა სულ უფრო მეტ ადამიანს.

სახალხო დამცველისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ვარაუდები, რომ თითქოს ჩვენს მაუწყებელში ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და რომ თითქოს ჩვენთან ადგილი აქვს ჟურნალისტთა შევიწროვებას, საგრძნობლად აზიანებს არა მარტო ზოგადად მაუწყებლის, არამედ აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტის რეპუტაციას. მსგავს შეფასებებს განსაკუთრებული დამაზიანებელი ეფექტი აქვს საარჩევნო პერიოდში, როცა აჭარის რეგიონის მოსახლეობა სწორედ ჩვენი სატელევიზიო და რადიო არხებისგან ელის პოლიტიკური მოვლენების, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ამომწურავ და მიუკერძოებელ გაშუქებას. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებით, მოავლინოთ თქვენი წარმომადგენელი ჩვენს მაუწყებელში, რათა ადგილზე გაეცნოთ მდგომარეობას, შეაფასოთ ჩვენს ჟურნალისტთა პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი, გამოიკვლიოთ ირღვევა თუ არა გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენი მაუწყებლის ჟურნალისტები არა მარტო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, არამერ მთელი საქართველოს მასშტაბით ცდილობენ დანერგონ უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტი. ჩვენი სატელევიზიო და რადიო არხების, თითოეული პროგრამის მიმართ არსებული მაღალი ნდობა, საზოგადოების სიყვარული, რომლის მოპოვებასაც წლები შევალიეთ, მიკერძოებული, გადაუმოწმებელი და ზერელე განცხადებებით არ უნდა დაიკარგოს. გთხოვთ თანადგომას, გთხოვთ, თქვენი წარმომადგენლის ჩვენთან სტუმრობით პირდაპირ და უშუალოდ მოიპოვოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. " - წერს მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში