მსოფლიო ლიდერები სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ. მხარეებს შორის ვითარების გამწვავებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ დიდი ბრიტანეთი და კანადა. სახელმწიფოები მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ოფიციალურ ერევანსა და ბაქოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებენ.
მხარეებს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გერმანიის ფედერალური მთავრობაც. შვეიცარია კი მზად არის კონფლიქტის დასარეგულირებლად თავის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართოს. კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა.
ალიევმა ვიდეოკონფენერენციის დროს გუტიერეშს არსებული ვითარება გააცნო და განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს.ოფიციალური ერევნის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა სომხეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ხაზი მშვიდობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა.
დღესვე ამავე საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.