საქართველოს საზღვრიდან თითქმის 300 კილომეტრში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ყოველ საათში იძაბება. სომხეთის შემდეგ, საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანმაც გამოაცხადა და რამდენიმე სოფელი აიღო. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, ათეულობით დაშავებულისა და 2 დაღუპულის შესახებ.
სომხეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ომმა დიდი მასშტაბები შეიძინოს და რეგიონს გასცდეს. ამასთანავე აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას დაპირისპირებაში, თურქეთი არ ჩაერთოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ ყარაბაღი სომხეთის ტერიტორია არ არის, ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ანადგურებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას. მისი თქმით, არ სჭირდებათ სხვა ქვეყნების მიწები, თუმცა არც თავისას მისცემენ სხვას.
თურქეთი კი მხარს აზერბაიჯანს უჭერს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მხარეებს, საერთაშორისო საზოგადოება სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზთან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ,ღრმა შეშფოთებას გამოხატავს - „ნატო“.