19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ამბობს, რომ უდანაშაულოა და წარდგენილ ბრალს არ იზიარებს. ამის შესახებ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ისაუბრა. ბექა ნემსიწვერიძის ინფორმაციით, მათ უკვე დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლის აცილების და ასევე გირაოს თაობაზე. ითხოვენ წინასწარი პატიმრობის ვადა არ გაგრძელდეს, ალტერნატივად კი გირაოს - 5000 ლარს სთავაზობენ.
''ბრალდებულების დიდი ნაწილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, სახელებით ვერ ჩამოგითვლით, მე უფრო კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე შემიძლია გითხრათ. ვითხოვთ ბრალდებული აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს, თუმცა ალტერნატივის სახით 5000 ლარიან გირაოსაც ვთავაზობდით'' - განაცხადა ადვოკატმა.
ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს - აგარაკზე ჩხუბის ინციდენტში მონაწილეობის ნაწილში.
ორი დაკავებული იყენებს დუმილის უფლებას - საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი.
ამ წუთებში სასამართლო განიხილავს პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელებაზე. პროკურატურა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობს.
გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში გიორგი შაქარაშვილის მეგობრები ელოდებიან. მათ შავი მაისურები აცვიათ წარწერით - ''შაქარა''.