მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 1 იანვარს სრულდება

10 დეკემბერი 2025, 19:17 188 ნახვა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 1 იანვარს სრულდება - ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.

2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით:

  • სახელმწიფომ მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ, აზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 1 101 570 ჰა
  • მიწის მესაკუთრე საქართველოს 1 469 581 მოქალაქე გახდა
  • საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საამზომველო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია
  • მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და ვებპორტალზე slr.napr.gov.ge აქვთ წარმოდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარმოდგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს სისტემური რეგისტრაციის რეფორმის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს
  • იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულმა პირებმა ობიექტური მიზეზების გამო 2022–2025 წლებში ვერ ისარგებლეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით, შესაძლებლობა მიეცემათ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სპორადული წესით წარადგინონ.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას მთელი ქვეყნის, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ახორციელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი