სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, 3-ის ლოკალიზება მოხერხდა. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.
დილიდან მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული.
დამატებითი ცოცხალი ძალა მობილიზებულია თბილისიდან, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
ამ დროისთვის, ადგილზე გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.