16-მა კვების ობიექტმა რეკომენდაციები ვერ დააკმაყოფილა და დაჯარიმდა - სამინისტრო

15 ივნისი 2020, 13:03 1950 ნახვა

კვების ობიექტების ნაწილი არ იცავდა იმ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ-ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. 

ბექა ფერაძის განცხადებით, პარასკევს და შაბათს 26 კვების ობიექტი შემოწმდა, მათგან 16-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დაჯარიმდნენ.

"პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირება, ჯამში 26 კომპანია შემოწმდა, მათგან 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10-მა კი სრულად დააკმაყოფილა. შესაბამისად, თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა 10 000 ლარიანი ჯარიმა და ჯამში საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 160 000 ლარი. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, რომ სანქცირება გამოვიყენოთ. მანამ ჩვენ განვახორციელეთ 11400 სარეკომენდაციო სახის ინსპექტირება, თუმცა დავდექით უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ გამოგვეყენებინა სანქცირება და ამით მოგვეხდინა პრევენცია, რადგან აზრს კარგავს ყველანაირი რეგულაცია, თუ საზოგადოებას და ადამიანის ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე. ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ, რომ მოხდეს პრევენცია და მეორე იმიტომ, რომ კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც იცავს სტანდარტებს, იყო არაკონკურენტულ გარემოში"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ბაზაში დარეგისტრირებულია 929 სასტუმრო, მათგან 150 კომპანიას უკვე მიენიჭა მუშაობის ნებართვა, 175-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, დანარჩენმა კი ითხოვა ვადა იმისთვის, რომ ინსპექტირება რამდენიმე დღეში განხორციელდეს.

მისივე თქმით, ინსპექტირება გაგრძელდება და ყველამ უნდა დაიცვას ფუნდამენტური რეკომენდაციები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი