ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი თანამშრომელი ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა.
მისივე განცხადებით, მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მათგან დახმარება ვერ მიიღეს.
"ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 25. ერთია საყურადღებო პაციენტი. 5 პაციენტია ახალი, 2 საკარანტინო ზონიდან, 3 მედპერსონალი.
ეს არის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი. ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც დღემდე ინფიცირებული მედპერსონალი არ ჰყოლია.
სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ "დარჩი სახლში", მივცეთ თუ არა პაციენტს პლაქველინი, ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ.
ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ, ჰქონდათ პერსონალთან პირადი შეხება. არ გვეკარებოდა არავინ, გარკვეული რისკების გამო არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, თუმცა მათიც გვესმის...
ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ 3 პერსონალი, ექთანი და სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად ნაკადების მართვა ხდებოდა სწორად და დღემდე ეს შედეგი სწორედ ამიტომ მოვიტანეთ. იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება და ნაკლებად ველოდებით კონტაქტების გავრცელებას.
მათი მდგომარეობა არის დამაკმყოფილებელი, გამოხატულია სიმპტომები, ტემპერატურა მაღალი, სწორედ ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მოხდა პაციენტების სკრინინგი და დროული გამოვლინება.
მუშაობის პერიოდში მათ კლინიკა დატოვეს, მაგრამ პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მოიწყონ თვითიზოლაცია სახლებში. ეს დღემდე ასე გრძელდება და კლინიკის შემდეგაც ისინი თვითიზოლაციაში არიან. ძალიან მძიმეა პერსონალის ცხოვრება, მაგრამ ისინი სახლებში თავად უზრუნველყოფდნენ თვითიზოლაციას.
სანიტარს და მედდას ჰქონდა უშუალო კონტაქტი, ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის გაკავება"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.