მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტები და დიპლომატიური კორპუსი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი
უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. ელჩები და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება.
"საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო. საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი
პანდემიას ძალზე მედგრად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ," - წერია ღია წერილში.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და
გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება.
"ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია
კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე" - აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.
წერილში საუბარია, რომ მიუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო
იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.
"ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის. როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”!" - წერია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.