საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.0 პროცენტამდე გაზარდა

27 ნოემბერი 2024, 11:25 278 ნახვა

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 8.2 პროცენტიდან, 9.0 პროცენტამდე გაზარდა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე შესულია და შესაბამის კომიტეტებში განიხილავენ.

წარმოდგენილი ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 25 930,4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 900,0 მლნ ლარით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 240,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 8 069,2 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 37,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 545,0 მლნ ლარს. მათ შორის 65,0 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება, ხოლო 28,0 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34,5 მლნ ლარით და განისაზღვრება 506,5 მლნ ლარით. დამატებითი თანხები ძირითადად მიიმართება საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენებისათვის ჯილდოების ანაზღაურებით, ასევე სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები ჯამურად მცირდება 18,7 მლნ ლარით და განისაზღვრება 782,3 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ასიგნებები გაზრდილია 10,8 მლნ ლარით (ამავდროულად ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება), ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 29,5 მლნ ლარით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 50,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 738,0 მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხები მიიმართება რთველის პერიოდში გაზრდილი მოსავლის შესაბამისად დამატებითი ხარჯების, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაზრდილი სესხების შესაბამისი საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 347,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 747,7 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები, წლის ბოლოს პოლიციელთა მატერიალური წახალისების მიზნით იზრდება 20,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 280,0 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 210,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 590,0 მლნ ლარს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 215,0 მლნ ლარს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 9,0 მლნ ლარით და შეადგენს 423,7 მლნ ლარს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 2,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 189,7 მლნ ლარის ოდენობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში