სადღესასწაულო ლიტურღიაზე დასწრება დაარღვევს კომენდანტის საათს, აცხადებს მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:34 1613 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს რამდენიმე მღვდელმსახურის განცხადებით, 19 აპრილამდე თუ გაგრძელდება ე.წ. კომენდანტის საათი, ამ რეგულაციის გვერდის ავლას შეეცდებიან. მათი თქმით, სააღდგომო სადღესასწაულო ლიტურღიაზე დასასწრებად, მრევლი საღამოს 9 საათამდე მივლენ ტაძრებში - როცა კომენდანტის საათი იწყება, ხოლო ტაძრიდან დილის 6 საათის შემდეგ წამოვლენ, როცა გადაადგილება დასაშვებია.

სასულიერო პირების ამ განცხადებებზე ჟურნალისტებმა, სახელმწიფო მინისტრს, მაია ცქიტიშვილს დაუსვეს კითხვა. დაირღვევა თუ არა ამ ფორმით კომენდანტის საათი? ცქიტიშვილი ამბობს, რომ -კი, დაირღვევა.

"პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ დავიცვათ მკაცრად უკვე დადგენილი საგანგებო რეჟიმი, რომ მალე შევწყვიტოთ ამ ზომის გატარება. რაც შეეხება კომენდანტის წესებს, ის არის მკაფიოდ დაზუსტებული. ასევე, არ არის დაშვებული 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამ ორი წესის გათვალისწინებით კი, ბუნებრივია იგი დაირღვევა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეკრება სად იქნება, მათ შორის ეკლესიაში" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ეხება თუ არა გადაადგილების შეზღუდვა სასულიერო პირებს კომენდანტის საათის დროს? მინისტრი ამბობს, რომ შეზღუდვები ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ხდება საგამონაკლისო წესის დადგენაც, იმის მიხედვით რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ობიექტს.

"ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობების სახეობებს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რადგან გვჭირდება თითოეულ მოქალაქეს, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან" - ამბობს ცქიტიშვილი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა წავიდეს სააღდგომო ლიტურღიაზე? ამბობს, რომ - არა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი