20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანის პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გირაოს გადახდისთვის მას 25-დღიანი ვადა დაუწესეს. როგორც პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, თამლიანი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს - ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
"დაცვის მხარეს ფიზიკურად უჭირს სასამართლოში წარმოადგინოს მოწმეები. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, მოწმეები თავს იკავებენ სახლიდან გამოსვლაზე. 4 აპრილს ისედაც გადიოდა პატიმრობის 9-თვიანი ვადა, ამიტომ სასამართლომ თვითონ იმსჯელა, რომ დაცვის მხარეს მიეცეს, დაცვის სრულყოფილად განხორციელების საშუალება", — აღნიშნა ადვოკატმა, ლევან იოსელიანმა.
ბესიკ თამლიანი ერთ-ერთია იმ ბრალდებულთაგან, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად აღიარებს და ხელისუფლებას მის გათავისუფლებად ულტიმატუმს უყენებს. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საარჩევნო რეფორმაზე არც საკონსტიტუციო განხილვებში მიიღებენ მონაწილეობას და არც საბოლოო კენჭისყრაში.
20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში 20-მდე პირი მისცეს, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, იგივე ბრალი აქვს წაყენებული პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს.