საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 000 ლარი მოსთხოვა.
''დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს'' - წერია განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პროკურორს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.