ფოთში შესული გემის ეკიპაჟის წევრებს ხმელეთთან კავშირი აეკრძალათ, თუმცა „კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ 

06 მარტი 2020, 18:36 2961 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ფოთში 6 მარტის დილას შევიდა გემი, რომელზეც ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა აქვს, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ უდასტურდება. უწყების ცნობით, ეკიპაჟის წევრებს ხმელეთთან კონტაქტი აეკრძალათ. 

''ფოთის ნავსადგურში შემოვიდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი თ/მ ”IBERIAN BULKER”. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა. COVID-19 კორონავირუსთან დაკავშირებით, ნავსადგურში გამკაცრებული წესების შესაბამისად, ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე კაპიტნის მიერ მოწოდებული იქნა ინფორმაცია ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს 5 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. ეს მეზღვაური 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება გემზე. ამასთან, წინა ნავსადგურის დატოვების დროსაც, 14 თებერვალს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ იქნა დადასტურებული.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაცია წინასწარ იქნა დამუშავებული და ყველა შესაბამისმა უწყებამ მოახდინა კოორდინირება. დილის 10:10 საათზე გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური და მისი განმარტებით სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას.

პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ, ეკიპაჟის ყველა წევრს აეკრძალა ნაპირთან კავშირი, შესაბამისად გემის ეკიპაჟის არც ერთ წევრს არ დაუტოვებია გემი'' - წერია განცხადებაში.

 

 

ფოტო: არქივი

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი