ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

05 მარტი 2020, 17:52 23491 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უთხრა. ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ამ დროისთვის კორონავირუსზე, რეგიონში არცერთი საეჭვო შემთხვევა არ არის. 

კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ექიმების განმარტებით, მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და კლინიკას თვითდინებით მიმართა. 

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე იზოლაციაში 30 პირი იმყოფება. ისინი ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროში არიან მოთავსებულები. 

''კარანტინში მოთავსებული პირები არიან ჯანმრთელი ადამიანები, უბრალოდ მათ შეხება ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყნებთან. 14 დღის განმავლობაში მათზე დამყარდება მეთვალყურეობა. ეპიდემიოლოგი დღეში ორჯერ მიდის და მონიტორინგს ატარებს. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს. ნებისმიერი ჩივილის გამოვლენისთანავე მოხდება გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. სასტუმრო გონიოს ტერიტორიაზეა, ქალაქისგან მოშორებით'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი