ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ექიმების განმარტებით, მას დღეს დილით ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და კლინიკას თვითდინებით მიმართა.
დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სირთულისაა და მას ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
კორონავირუსზე ანალიზი უკვე აღებულია და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს გვიან რამით ან ხვალ დილით მიიღებენ.
ახალგაზრდა კაცმა კლინიკას დღეს დილით მიმართა. ის იტალიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 25 თებერვალს ჩამოფრინდა.
''მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და დღეს დილით თვითდინებით შემოვიდა. ის საქართველოს მოქალაქეა. 25 თებერვალს ჩამოფრინდა იტალიიდან. ამ დრომდე არანაირი ჩივილი არ ჰქონია. დილით დაეწყო ტემპერატურის მატება. როგორც აეროპორტში შემოსვლისას გაფრთხილებული იყო მოგვმართა. როგორც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა ისეა აღრიცხული, ბოქსირებულ განყოფილებაში'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს დავით მურვანიძემ.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ ორი პაციენტი გაწერეს, ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან.