ხულო თაგოს საბაგირო გზა სავარაუდოდ სამი თვე არ იმუშავებს

21 თებერვალი 2020, 10:07 2794 ნახვა

ხულო - თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა სავარაუდოდ კიდევ სამი თვე გაჩერებული იქნება.  საბაგირო გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ამ ეტაპისთვის ტენდერი გამოცხადებული არ არის. გეგმიური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა საფრთხის შემცველი იყო. საბაგირო გზა 28 იანვრის შემდეგ გაჩერებულია.

ხულოს მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ დრომდე მერია იურიდიულ პროცედურებზე მუშაობდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.ნადიმ ვასაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტის კორექტირება მოხდა და საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის თანხები ხულოს მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.

''ბიუჯეტის კორექტირება მოხდა, ხულო - თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროა შესასრულებელი, ამასთან კომპანიას ბაგირის შეძენა უცხოეთში მოუწევს, რადგან ამ ტიპის მასალა საქართველოში არ იყიდება. საბაგიროს ჩართვისთვის დაახლოებით სამი თვე იქნება საჭირო'', - უთხრა აჭარის მაუწყებელს ხულოს მერიის პირველმა მოადგილემ ​ნადიმ ვასაძემ. 

ხულო - თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზის 3400 მეტრიანი სიგრძის ბაგირი მთლიანად უნდა შეიცვალოს. საბაგირო გზა ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

საბაგიროს დაზიანების შემდეგ, მოქალაქეებს სოფლამდე მისასვლელად  7 კილომეტრიანი შემოვლით გზის გავლა უწევთ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზას რეაბილიტაცია ბოლოს 9 წლის წინ 2011 წელს ჩაუტარდა.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი