საერთაშორისო კვლევებისა თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი ხელისუფლების კრიტიკული და ნეგატიური განწყობა ახალი არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება წელსაც. 2020-ის პირველი საერთაშორისო ანგარიში, რომელმაც ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გამოიწვია, ჰუმან რაითს ვოთჩის მიერ საქართველოში გასულ წელს არსებული მდგომარეობის შეფასება იყო. ანგარიში უმეტესწილად, მწვავე და კრიტიკულია.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას აანალიზებს, დაწერა, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცველთა დაუსჯელობა ისევ გადაუჭრელი პრობლემაა, მედიაგარემო არ არის მდგრადი და სათანადოდ არ არის დაცული შრომითი უფლებები.
სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და ექსპერტები შეფასებებს სრულად ეთანხმებიან, უფრო მეტიც-ხშირ შემთხვევაში თვლიან, რომ ანგარიშში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სრულად ვერ მოხვდა და ის გაცილებით მძიმეა. მმართველ გუნდში კი ამჯერადაც თითქმის იდენტურ განცხადებებს აკეთებენ. ამბობენ, რომ სპეციალისტებს პოლიტიკურად მოტივირებული ინფორმაცია მიაწოდეს და შეცდომაში შეიყვანეს.