ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა - მაია ცქიტიშვილი

09 იანვარი 2020, 11:15 1775 ნახვა

ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა.  საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება სასურველი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს.

"ნებისმიერი პროვოკაცია ანაკლიის პროცესში, თითქოს პრობლემები კონსორციუმს მას შემდეგ შეექმნა, რაც გამოძება დაიწყო ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ უადგილოა, რადგან 2017 წლიდან კონსორციუმს პრობლემები ჰქონდა"  - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. 

ცოტა ხნის წინ კი სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ინვესტორის მიმართ გამოიჩინა უპრეცენდენტო ძალისხმევა პროექტის მხარდასაჭერად და კონსორციუმს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლიდან რამდენჯერმე გადაუვადა პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი და ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადები, კონსორციუმმა ვერ შეძლო ვადის დაცვა, ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და ვერ წარმოადგინა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რეალური სამოქმედო გეგმა ან ხედვა.

საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას. ვინაიდან კონსორციუმთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაჭიანურებამ შეიძლება დააზიანოს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.



ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ღიად უჭერს მხარს დასავლელი პარტნიორები.    აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ კი თქვა, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგვარი ტესტია.    "თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა" - თქვა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს ინტერვიუს დროს. 

მეთიუ ბრაიზას შეფასებით, ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის, ის საქართველოსთვის მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას იძლევა და როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ხელოვნურად ჩაგდების შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გაზაფხულზე განაცხადა"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი თქმით, რომ პროექტის ჩავარდნით ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება არის დაინტერესებული, ამიტომ მის წინააღმდეგ 11 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამო საქმე აღიძრა, რომლითაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავებიან. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და ამერიკული კომპანიის ერთობლიობას წარმოადგენდა, რომლებსაც უნდა აეშენებინათ ანაკლიის პორტი. 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კონტი–ჯგუფმა (Conti International LLC) ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დატოვა. 

ამერიკულ კომპანიაში თქვეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს“.

სახელმწიფოს პირველი პირები კი აცხადებენ, რომ მათთვის ანაკლიის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ პორტის მშენებლობა დასრულდეს.  კონსერციუმს პროექტის განხორციელებისთვის 2019  წლის ბოლომდე მიეცა ვადა. 

რუსეთს აქვს კონკრეტული მიზანი და გეგმა, საქართველოს ხელისუფლება კი დროულად უნდა ჩამოყალიბდეს - დაახლოებით ასეთია ექსპერტების შეფასებები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი