აჭარის მაუწყებლის სამმა მრჩეველმა საახალწლოდ 2000 ლარამდე დანამატი აიღო

06 იანვარი 2020, 15:35 2550 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლებმა წინასაახალწლოდ დანამატები აიღეს,  სავარაუდოდ, თითოეულზე ჰონორარის სახით 2000 - ლარამდე გაიცა. განცხადებაში, რომელიც მრჩევლებმა მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს 31 დეკემბერს გაუგზავნეს წერია:  მრჩევლების ბიუჯეტში დარჩენილი 7635 ლარი სამ მრჩეველზე - თამილა დოლიძეზე, თამარ წილოსანსა და სოსო სტურუაზე გადანაწილდეს. ჰონორარზე უარი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა. 

ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თამარ წილოსანმა დაუდასტურა. ამბობს, რომ "გასული წლის ბიუჯეტის ნაშთიდან დარჩენილი თანხა გაინაწილეს და  დაახლოებით, თავიანთი ხელფასის 40- 50 %-ია". 

ყოველთვიურად თავმჯდომარის ჰონორარი 3450 ლარია, მოადგილის 3400-ი, ხოლო მრჩევლის  3330 ლარი.  „ეს ყოველ წელს ასე ხდება, არ არის პრემია, ნაშთის სახით დარჩენილი თანხა გადანაწილდა საბჭოს წევრებზე თანაბრად და გასულ წლებშიც ასე ხდებოდა“ - განაცხადა თამარ წილოსანმა. 

გასულ წლებში, მრჩევლებს ჰონორარები დამატებით არ აუღიათ და ამ თანხით  მაუწყებლისთვის ტექნიკა შეისყიდეს - ამ ინფორმაციას, წინა მოწვევის მრჩევლები გვიდასტურებენ. კანონით, მრჩეველთა საბჭოს ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხის გახარჯვას, დამატებით სხდომის ჩატარება სჭირდება.   

გადაწყვეტილება არ გამხდარა საჯარო და იგი არ ატვირთულია არც ვებ-გვერდზე. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ დანამატების გაცემას არ ჰქონია პრემიის სახე და როგორც ჰონორარები ისე დაირიცხა.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ინფორმაცია არ მოგვაწოდეს არც ბუღალტერიიდან, არც მრჩეველთა საბჭოდან და არც კანცელარიიდან.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს, შეტყობინების სახით გვითხრეს, რომ შეხვედრაზე იმყოფებიან. იგივე გვითხრა მრჩეველთა საბჭოს იურისტმა, რომელსაც ვკითხეთ აუცილებელია თუ არა ასეთ გადაწყვეტილების გასაჯაროება. 

დანამატების გასაცემად, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ხელმოწერაც სჭირდებოდა. 

ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილებით,საახალწლოდ თანამშრომლებს პრემიის სახით 100-100 ლარი დაერიცხათ, გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ დაამტკიცა და იგი 26 დეკემბერსვე აიტვირთა ვებ-გევრდზე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი