112-ის ყოველთვიური საფასური დღეიდან 40 თეთრია. საფასური მოქმედებს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური სააბონენტო ნომრებისთვის. მობილურის შემთხვევაში, საფასური დაირიცხება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.
ფიქსირებულის შემთხვევაში, საფასური ამოქმედდება ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული.
საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20, იურიდიული პირებისთვის კი 50 თეთრი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსაკრებელი არაკონსტიტუციურად ცნო და მიუთითა, რომ ის პარლამენტს უნდა დაედგინა. დეკემბერში კი საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი კანონი მიიღო და დაადგინა, რომ მომსახურების საფასური 20-დან 50 თეთრამდე უნდა იყოს.