რა უნდა გააკეთოთ, როცა ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს? ამ პრობლემის მქონე ადამიანებმა საქართველოსკენ გასწიეს, ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ - ასე იწყებს ''დოიჩე ველე'' სტატიას, რომელიც საქართველოში დამზადებულ ფაგებს ეხება. საქართველოს მსგავსად ეს მკურნალობა ბელგიაშიც დაუშვეს. „დოიჩე ველე“ მკითხველს, ნიდერლანდელი ქალის ტანია დიდერენის ისტორიას უყვება, რომელსაც კანის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ანტიბიოტიკებით მკურნალობამ კი ეფექტი დაკარგა. 2019 წელს, აგვისტოში, 50 წლის ქალმა გადაწყვიტა, ორი კვირით საქართველოში წასულიყო და მკურნალობა ბაქტერიოფაგის საშუალებით გაეგრძელებინა.
ფაგებით მკურნალობა დასავლეთში მიღებული არ არის, ჩვეულებრივი მკურნალობა კი სამშობლოში ოთხი ათას ევრომდე დაუჯდა. შემდეგ, ფაგების შესახებ მან ტელევიზიით შეიტყო და საქართველოში ჩავიდა.
ტანია დიდერენის თქმით, ფაგებს სოკოს მსგავსი გემო აქვთ. მან თბილისში მკურნალობის ორკვირიანი კურსი გაიარა და შემდეგ ფაგებით გავსებული დიდი ჩანთით ჰოლანდიაში დაბრუნდა. ახლა თავს უკეთ გრძნობს.
სტატიის ავტორი წერს, რომ გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტში უკვე 1923 წლიდან იკვლევენ ფაგებს და საქართველო ფაგებით მკურნალობის სფეროში მსოფლიოს ცენტრი გახდა. "ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში ძნელად ხელმისაწვდომი იყო ანტიბიოტიკები და ამიტომ ფაგებით მკურნალობა საუკეთესო საშუალება იყო ინფექციური დაავადებების დროს.
"დოიჩე ველეს" განმარტებით, ფაგები ვირუსებია, რომლებიც პაციენტის ორგანიზმში „ბაქტერიაზე“ სახლდებიან, ბაქტერიის უჯრედში მრავლდებიან და ჩნდება ახალი ფაგები, ისინი კი სხვა ბაქტერიების უჯრედში ინაცვლებენ, სანამ ყველა ბაქტერია არ დაიღუპება.
ფაგის უპირატესობა ისაა, რომ ის ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, მიზნობრივად ერევა ბაქტერიას და არ კლავს „კარგ“ ბაქტერიებს.
სტატიის გმირი ტანია, ყოველ სამ თვეში ერთხელ ბელგიაში მიემგზავრება, მისი სახლიდან 15 კილომეტრში, საქართველოდან მიღებული 500 ევროს ღირებულების ბაქტერიოფაგების ახალი პარტიის წასაღებად. ევროპაში დაზღვევა ფაგებს არ ფარავს, რადგან ბელგია ერთადერთი დასავლეთევროპული ქვეყანაა, სადაც ფაგები დაშვებულია.
ტანია დიდერენი დარწმუნებულია, რომ ფაგები ევროპაში ბევრ ადამიანს დაეხმარებოდა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიასა და ნიდერლანდში ახლა მიმდინარეობს საპილოტე კვლევა, შესაძლებელია თუ არა პაციენტებისთვის ბაქტერიოფაგების გამოწერა.