"კულტურული საზოგადოება ვართ, ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ თვლის" - ვასაძის მუქარაზე არჩილ თალაკვაძე

06 ნოემბერი 2019, 12:59 2035 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისსა და ბათუმში, ფილმის "and we dance"-ის ჩვენების ჩაშლის მუქარის შესახებ ამბობს, რომ ვერავინ ვერაფერს მოუწყობს სახელმწიფოს. 

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ხელოვნებაში, ვის როგორც უნდა, ისე გამოხატავს თავს...  

"გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს ვერ მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია ეს პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გუშინ, 5 ნოემბერს, ლევან ვასაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, "ქართული მარშის" წევრებმა და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ", ბათუმსა და თბილისში ფილმის ჩვენების პრემიერის ჩაშლა დაანონსეს. თქვეს, რომ ფილმი რყვნის საზოგადოებას და მისი ჩვენებს არ დაუშვებენ. 

"ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას" - თქვა ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვაში. 

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

8-9-10 ნოებერს კინოჩვენებებზე დასწრებას, უსაფრთხოების მიზნით, მთავარ როლში მონაწილე მსახიობები არ აპირებენ, გარკვეული ჯგუფების მიერ დაანონსებული არაკანონიერი ქმედებების გამო, კინოთეატრებთან შესაძლოა სამართალდამცველების მობილიზებაც გახდეს საჭირო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში