სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.
შეკრებილებმა მოსკოვის თეატრს წითელი ბარათები უჩვენეს და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს. აქცია სპექტაკლის პარალელურად გაიმართა. მსახიობების ნაწილმა, სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლებს ბროშურები და სტიკერები, წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ დაურიგეს. მათი თქმით, ამგვარად შეახსენეს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება.
ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, დამეგობრებულ თეატრს მასპინძლობენ და ეს კულტურული ურთიერთობაა. მისი თქმით, ღონისძიების დაგეგმვაში არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში მონაწილეობა არ მიუღია.