კემპინგის მოყვარულებს მალე გოდერძის ალპურ ბაღში კეთილმოწყობილი საკემპინგე სივრცე დახვდებათ.
საკემპინგე სივრცის მოსაწყობად ბაღის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ადაპტირებული საპირფარეშო და საშხაპე, განთავსდეს ჰელიო სისტემის გარე განათების ბოძები და საპიკნიკე მაგიდები.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მზადაა კომპანიას, რომელიც აღნიშნულ საკემპინგე სივრცის მოწყობას უზრუნველყოფს 44 000 ლარი გადაუხადოს.
სატენდერო წინადადებების მიღება დასრულებულია, ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიის შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.
პარალელურად გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა სანერგე მეურნეობა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ადმინისტრაციულ შენობას.
ზუსტი თარიღი, როდის გაიხსნება ოფიციალურად გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ჯერ უცნობია. თუმცა, ბაღის მენეჯერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაღი ჯერ ოფიციალურად გახსნილი არ არის ტურისტების დაინტერესება დიდია.
„თუ გასულ წელს ბაღს 2000 ვიზიტორი ყავდა, წელს მათი რაოდენობა გაორმაგებულია. ვიზიტორები ინტერესდებიან საკემპინგე ადგილებით, ითხოვენ პარკირების სივრცეს. დაინტერესება საკმაოდ დიდი და მზარდია.“- ამბობს გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერი თემურ ვასაძე.
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ბაღის განვითარებაზე გერმანელი სპეციალისტები, მიუნხენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები მუშაობენ. მათი დახმარებით ალპინარიუმის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს.