სახალხო დამცველი პატიმრებისთვის აპარატის ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

07 აგვისტო 2019, 14:05 1344 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს  მიმართა. ომბუდსმენი  საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოეხსნათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები.

ნინო ლომჯარიას განმარტებით  პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში. 

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ცხელი ხაზით სარგებლობის მიზანია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.

ასევე ხელი შეუწყოს რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვასა და ფუნქციონირებას; გაზარდოს ინფორმაციის მიწოდების და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პროაქტიული რეაგირების ხარისხი.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ციხის პირობებში მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი, ტექნიკური (ტელეფონების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ.) თუ სხვა, ადმინისტრაციული საჭიროებებით განპირობებული შეზღუდვებით ისარგებლონ ცხელი ხაზით, ეს საკმაოდ აამაღლებს, როგორც არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ისე უფრო მეტად ეფექტურს გახდის უკვე მომხდარ ამგვარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი