ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, ტელეკომპანიაზე იერიში მიიტანა - ნოდარ მელაძე

08 ივლისი 2019, 14:34 2824 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი ტელევიზიის სარედაქციო ჩარჩოებს გასცდა.  ნოდარ მელაძე თქმით, ამ დროს კი ხელისუფლებამ ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად  ფორსირებული შეტევა დაიწყო.

''გიორგი გაბუნიამ გუშინ დაარღვია სტანდარტი, ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც რუსთავი ორს აქვს. რასაკვირველია გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგთან დაკავშირებით იმსჯელებს არხის თვითრეგულირების ორგანო და ეს კომისია კანონის თანახმად არის ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია იმსჯელოს წამყვანის მიერ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ - ხელისუფლების  ფორსირებული შეტევა, ეს იყო გამიზნული იერიში რუსთავი 2-ზე, არხის ხელში ჩასაგდებად.

რატომ? პირველი - ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები შეიკრიბნენ ტელეკომპანიის შენობასთან, ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები მათ შორის რუსთავი 2-ში შემოჭრაზე. ფიზიკურად ხორციელდებოდა თავდასხმა ჟურნალისტებზე, რომლებმაც ვეღარ შეძლეს პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. იძულებულები გავხდით გაგვეთიშა ეთერი. ტელევიზიის შენობას ესროდნენ სხვადსხვა ნივთებს, ბოთლებს. იყო მძიმე სიტუაცია. 

ღამით ხელისუფლების მარალი რანგის თანამდებობის პირებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს განცხადებები, რომელიც არ გაუვრცელებიათ მაშინ, როდესაც თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა რუსი დეპუტატი გავრილოვი.

ეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ცენზურა დააკანონოს და მოახდინოს გავლენა დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე. გიორგი გაბუნიამ, რომ დააშავა და გადაცდა ეთიკის სტანდარტებს ეს ფაქტია, მაგრამ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს თვითრეგულირების ორგანომ. ეს საკითხი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის,''  - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. 

მისივე თქმით, საავტორო გადაცემის ტექსტი  არხის მენეჯმენტთან შეთანხმებული არ იყო. მელაძე ამბობს, რომ საკითხზე ტელევიზიის რეგულირების ორგანო იმსჯელებს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი