20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავეს

04 ივლისი 2019, 23:00 1390 ნახვა

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავეს. შშს-ს ინფორმაციით დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი კი  ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აღნიშნული პირების  მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში