შსს-ს აინტერესებს სად გვაქვს კომბლების საწყობი - რა გეგმები აქვთ კონტრაქტივისტებს

19 ივნისი 2019, 11:51 1654 ნახვა

რაც არ უნდა იბაქიბუქონ და ვინ არ უნდა დაუდგეთ უკან, როგორი ძალებიც, ყველა კანონიერი ფორმით შევეცდებით მარშის ჩატარებას ხელი შევუშალოთ -  ასე ეხმაურება ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას „ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით.

ის მოვლენების შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. 

''სახელმწიფო იმიტომ გვაქვს, რომ ის არის პასუხისმგებელი მსგავს მოვლენებზე. ჩინოვნიკებს ვქირავობთ, ეს არ არის შთამომავლობით მიღებული თანამდებობა. ეს არის მთავრობის, პარლამენტის წევრი თუ სამართალდამცველი, ისინი ჩვენს მიერ არიან დაქირავებულები, დაფინანსებული და ანგარიშვალდებული. თუ ისინი არ მოახდენენ ქართველი ერის ნების და სურვილის გამოხატვას, მაშინ ჩვეულებრივ მოძალადეებად იქცევიან. როგორც ვიქირავეთ ისე გავისტუმრებთ ამ ხალხს'' - ამბობს ორგანიზაცია ''ქართული იდეის'' თავმჯდომარე

ლევან ჩაჩუამ დღეს საელჩოების წარმომადგენლებსაც მოუწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას უცხოური მისიები აქეზებენ.

''მე მინდა მოვუწოდო ყველა საელჩოს  და უცხოურ მისებს, ვინც აქეზებს  ქართულ სახელმწიფოს, რომ დაუპირისპირდეს ქართულ საზოგადოებას. მათი ეს ძალადობა ქართველებზე პირდაპირ განაპირობებს ანტიდასავლური განწყობების შექმნას. ეს ხალხი პირდაპირ ეწევა დასავლური კურსის დისკრედიტაციას. ის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც კადნიერდებიან და საპატრიაქროს წარმომადგენლებს იბარებენ, ხვდებიან და პასუხს სთხოვენ. იმისთვის, თუ როგორ გააკეთა საპატრიაქომ ასეთი განცხადება. რა უფლება აქვს ჩვენს საპატრიარქოს სხვა განცხადება გააკეთოს?'' - თქვა ბრიფინგზე ლევან ჩაჩუამ.

''ჩვენ ასე ნუ დაგვასახელებთ, რომ ვართ ლევან ვასაძის მომხრეები ვართ'' - ასე მიმართა ჟურნალისტებს ორგანიზაცია ''ქართული იდეის'' თავმჯდომარემ და თქვა, რომ მათ მხოლოდ ქვეყნის ინტერესები აერთიანებთ. 

​''კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრძანდა ბატონი ლევანი ჩვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენც მივედით, შემდეგ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე. ამ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ქვეყანაში გარყვნილობის პროპაგანდას ვართ ერთსულოვნები. სხვა პოლიტიკური და ბიზნეს გადაკვეთები არ გვაქვს.  ჩვენ ასე ნუ დაგვასახელებთ, რომ ვართ ლევან ვასაძის მომხრეები, ჩვენ აქტიური ხალხი ვართ. პოლიტპატიმრის სტატუსი მაქვს წლებია უკვე ვიბრძვი, რომ ამ ქვეყნაში რაც იყო შეიცვალოს'' - ამბობს ჩაჩუა.

ორგანიზაცია ''ქართული იდეის'' თავმჯდომარის თქმით, გამოკითხვების დროს შსს-ში კომბლების საწყობზეც ჰკითხეს. 

''აინტერესებდათ სად არის კომბლების საწყობიო და ვუთხარი, რომ სხვენში არის კომბლესთან. რომელს ხედავთ აქ კომბლით?!''

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა განცხადებით, „მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია”.

თბილისი პრაიდის აქტივისტებსა და ლევან ვასაძის მხარდამჭერებს შორის, რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება  მოხდა. ინციდენტის დროს ლევან ჩაჩუა სხვა 7 პირთან ერთად დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში