ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი წარუდგინეს

18 ივნისი 2019, 14:38 2402 ნახვა

ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს გამოძიება ჯგუფურად ძალადობას ედავება. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

ადვოკატების განცხადებით, ერთ-ერთ დაკავებულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ჯერ უცნობია.

16 ივნისს, ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს შორის ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში