საგანგაშოა, რომ შსს-ს პრაიდის ჩატარების უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა - არასამთავრობო ორგანიზაციები

18 ივნისი 2019, 12:08 1984 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ლგბტ+ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ და “თბილისი პრაიდის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ღია წერილს ეხმაურებიან.

''განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება დაცული იყოს. „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში კი საჯაროდ შეკრების საშუალება ჰქონდეთ. 

ისინი ასევე მოითხოვენ, სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები.

''ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება'' - აღნიშნულია ღია წერილში.

წერილს ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. 

''ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს სრული უფლება, გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს ის თავისუფლად, ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას. სწორედ ამგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩათვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ 2012 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას საქართველოს მხრიდან.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 16 ივნისს ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს  „თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით, დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში