ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადგილმდებარეობა, შესაძლოა, შეიცვალოს. საკითხზე სამთავრობო გუნდი მუშაობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
''აბსოლუტურად ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის გადატანა, მათ შორის დატოვება, ან გაფართოვება'', - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.
ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს, ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შემდეგ კი, ოპტიმალურ შედეგზე შეჯერდებიან.
''გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დინამიურად ხდება ჩვენი რეგიონის განვითარება, ასევე მზარდია ვიზიტორების რაოდენობა. რა თქმა უნდა დღის წესრიგში დგება უშუალოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სისტემების გამართა. ამ თვალსაზრისით აეროპორტის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი.
დგება საკითხი მოხდეს აეროპორტის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით გაფართოება ან სხვა ტიპის პროექტების განხორციელება და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ვფიქრობ მალე გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილება, ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზიდან გამომდინარე. თურქული კომპანიის მმართველობაშია. დაახლოებით, 27 წლამდე აქვს ვადა. სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის აეროპორტის გაფართოებას თურქული კომპანიის მმართველობის ჭრილში ან სხვა ნებისმიერ ოპტიმალურ ვარიანტს.
კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. სხვადსხვა მიმართულებით ხდება საკითხის მოკვლევა, გვექნება კომუნიკაცია კომპანიასთან და სხვა უწყებებთან. უნდა გვქონდეს შესაბამისი არგუმენტები კვლევის სახით, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას'' - უთხრა მაუწყებელს მინისტრმა.
ჯაბა ფუტკარაძეს ამბობს, რომ საბოლოო ვერსიაზე, სავარაუდოდ, მალე შეჯერდებიან.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს. რეაბილიტირებული აეროპორტი 2007 წელს გაიხსნა და 20 წლის მართვის უფლებით, თურქულ კომპანია ტავ ჯორჯიას სიმბოლურ ფასად გადაეცა.
საქართველოში სამი აეროპორტი ფუნქციონირებს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.