ახალშენის ყოფილი „საბჭოთა მეურნეობის“ დასახლებაში მცხოვრებლები საცხოვრებლის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მიერთებას მოითხოვენ. 50-მდე ოჯახი, რომელიც შპს ბათუმის წყლის მიმდებარედ ცხოვრობენ, ამბობენ, რომ მათ ეზოში ორი წლის წინ საკანალიზაციო მილი გაიყვანეს, მაგრამ ამ დრომდე არ იქნა დაერთებული ცენტრალურ სისტემასთან.
ამის გამო, მილი ჩაშვებულია კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია გრუნტზე, დასახლებაში კი მუდმივად გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბათუმის და ხელვაჩაურის მერიებს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება. ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით, საკითხზე ბათუმის მერიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და საკითხი მალე მოგვარდება. მერის თქმით, მომავალ წელს კომპანია „აჭარისწყლის ალიანსი“ დაიწყებს ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურში ახალი საკანალიზაციო სისტემა აშენდება.