ღია ცის ქვეშ, თოვლში, ქვის ფილებზე ლოცვა უნდა დასრულდეს - მუფთი ბეგლარ ქამაშიძე

09 აპრილი 2019, 00:00 3126 ნახვა

სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ თუ მრევლი გენერალ აბაშიძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიას სამუფთოს გადასცემს, იქ მეჩეთი აშენდება.

მისი თქმით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. ფიქრობს, რომ პროცესი დადებითად სწორედ დიალოგის  გზით დასრულდება. 

''მშენებლობაზე ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, მრევლის შეძენილი ტერიტორია, ჩვენი მრევლია, მათი წინამძღვარი ვართ. როგორ შეიძლება მათი აზრი არ გავითვალისწინოთ. პოზიციებს შევაჯერებთ ხელისუფლებასთან ტარიელთან. თუ მრევლი თავის საკუთრებას გადმოგვცემს, პროცესებში ჩართულები ვართ, მაგრამ კიდევ მეტად ჩავერთვებით, ვალდებულებაც დაგვეკისრება მეტი'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბეგლარ ქამაშიძემ

მუფთი ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ესაუბრა. ბეგლარ ქამაშიძე მზად არის მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძესაც შეხვდეს.

''მრევლს სჭირდება მეჩეთი. არა ტარიელ ნაკაიძეს, არა ბეგლარ ქამაშიძეს და არა სხვას, ეს არის მრევლის მოთხოვნა. ღია ცის ქვეშ, თოვლში, ავდარში  ქვის ფილებზე ლოცვა უნდა დასრულდეს. მე მაქვს თხოვნა და მოლაპარაკება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ​ვითხოვთ მეჩეთს, რომელიც სჭირდება ხალხს'' - ამბობს ბეგლარ ქამაშიძე

სრულიად საქართველოს მუფთის თქმით, იმედია სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება მუსლიმ მრევლს. 

''ეს პრობლემა მუსლიმ მრევლს წლებია აწუხებს. გვინდა გავერთიანდეთ, შევაჯეროთ პოზიციები  გადავწყიტოთ ისე, რომ აშენდეს მეჩეთი. იმედი მაქვს, რომ ჩვენც, ბატონი ტარიელიც, ხელისუფლებაც შევაჯერებთ პოზიციებს, ერთ გადაწყვეტილებაზე დავდგებით და გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს მრევლს''. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, ხვალ პროცესია ჩანიშნული.

ლაშა კომახიძე ინიციატივით გამოდის, სხდომა გადაიდოს და პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელდეს. 

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიალოგის რეჟიმი ამოიწურა. ტარიელ ნაკაიძე გენერალ აბაშიძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთის სამუფთოსთვის გადაცემის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამბობს, რომ ეს რისკის შემცველია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში